ქართულ-იტალიური საზოგადოება

ელექტრონული ჟურნალი ,,ნოსტალგია”, N1, თებერვალი, 2010წ.

მილანში დაფუძნდა ქართულ-იტალიური საზოგადოება
“სამშობლო – გულით სატარებელი”

25 იანვარს მილანში უკვე ტრადიციად ქცეულ ნინოობის დღესასწაულზე, რომელსაც ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრები ქართველები მეხუთე წელია სხვა არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებასთან ერთად მართავენ, იტალიის სხვადასხვა ქალაქში, შედგა ქართულ-იტალიური საზოგადოების “სამშობლო _ გულით სატარებელი” პრეზენტაცია. დილიდანვე მილანის ცენტრში მდებარე ალპინისტთა კლუბი მრავალრიცხოვან სტუმარს ვერ იტევდა, რომელთაც ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ქართველები უნიკალური ფოტომასალით გაფორმებული მოსაწვევით ეგებებოდნენ. მოსაწვევში წარმოდგენილი პროგრამა კი საზოგადოების დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებს (Nნ. ყაუხჩიშვილი, ს. კალვი, მ. ტიეგი, ს. ნერგაძე, ქ. თურმანიძე, მ. სიხარულიძე, მ. ბუბაშვილი, მ. ტოფაძე, ნ. გელაძე) საკმაოდ მრავალფეროვანი მოემზადებინათ, რათა საქართველოს მეგობრებისთვის გაეცნოთ არამხოლოდ მდიდარი ქართული კულტურა, არამედ მისი ისტორიული წარსული და განსაკუთრებით დღევანდელი ვითარება, რაც ბოლოხანს იტალიურ პრესაში ნებსით თუ უნებლიეთ არასწორად გაშუქდა.
შეხვედრა საზოგადოების პრეზიდენტმა ნ. ყაუხჩიშვილმა გახსნა: “მიხარია და ცრემლს ვერ ვმალავ, რომ იცოდეთ, რამდენი წელია ვოცნებობ ამ დღეზე, ამ საზოგადოების დაარსება მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების გამართლებად მიმაჩნია და აი, ნინოობასთან ერთად ვზეიმობთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას. მინდა ყოველ თქვენთაგანს მოგიწოდოთ, მუდამ გულით გეტარებინოთ სამშობლო, ჩემს საქართველოს კი ვუსურვებ მოეშუშებინოს უკანასკნელი ომით მიყენებული ჭრილობები, მოეპოვებინოს მშვიდობა და ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინოს Mმშვიდობისმყოფელ ხალხთა შორის, რამეთუ ქართული სულის სარკე – ჩვენი სიმღერა, ლექსი თუ ხელოვნება მშვიდობისმოყვარე, ტოლერანტი ხალხის მიერაა შექმნილი”.
ახლადდაარსებული საზოგადოებისა და ყოველი იქ დამსწრე ქართველისთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა ბაგრატიონ-ორსინების ოჯახის წევრთა სტუმრობა.
საქართველოს ელჩი ვატიკანის სახელმწიფოში, მისი უმაღლესობა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი ორსინისა მხოლოდ მისასალმებელი სიტყვით არ შემოფარგლულა, ვრცლად ისაუბრა გასული წლის აგვისტოს მოვლენებისა და იმ მხარდაჭერის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანას ვატიკანის წმ.საყდრის მესვეურებმა, აღმოუჩინეს; მადლიერებით მოიხსენია ის იტალიელი მეგობრები, რომლებმაც ამ ძნელბედობის ჟამს კონკრეტული დახმარების ხელი გაუწოდეს ლტოლვილებს (ზოგიერთი მათგანი დარბაზში იმყოფებოდა: ჟურნალისტი ადრიანო ალიმონტი, მარკიზი რაიმონდო სანჯერმანო, ქართველების სიძე სანდრო მარიოტი). ქეთევან ბაგრატიონმა საგანგებოდ აღნიშნა ჩრდილოეთში ემიგრირებული ქართველების ერთიანობა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ყოველი ნ. ყაუხჩიშვილის დიდი ძალისხმევით განხორციელდა. მოგვიანებით კი “მრგვალი მაგიდის” გარშემო მრავალ საინტერესო წინადადებასთან ერთად იტალიაში არსებული ქართული ასოციაციების გაერთიანების საკითხი დასვა, რაც, მისი აზრით, შესაძლებელს გახდის ერთიანი ძალით კონკრეტულ და კონსტრუქციულ ქმედებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
საქართველოს დესპანმა იტალიის სახელმწიფოში ირაკლი ხუცურაულმა საელჩოს სახელით მიულოცა თანამემამულეებს საზოგადოების დაარსება და ამასთან დაკავშირებით ძალზე საინტერესოდ ისტორიულ-მხატვრულ ჭრილში დამსწრეთ მოუთხრო იტალიაში ქართული ემიგრაციის ისტორია, მოიხსენია ის ქართველი ემიგრანტები, რომლებიც სამშობლოსადმი მუხლჩაუხრელი ღვაწლითა და რუდუნებით, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, თან დაატარებდნენ საქართველოს სურნელს “და Dდღეს – თქვა მან, _ ამ გარემოცვაში ამდენი გულმხურვალე ქართველის ხილვა ნამდვილად მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ აქ საქართველოს სული და სურნელი ტრიალებს”.
განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა ქეთევანის ვაჟის, საზოგადოება “წმ. გიორგის ფარის” ვიცე-პრეზიდენტის ბატონიშვილ ლელიო ორსინი დ’არაგონას საქართველოსადმი, ქართველი ხალხისადმი სიყვარულით გაჟღენთილი მოხსენება, რომელშიც დეტალურად ისაუბრა ხუთდღიანი ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის, საკუთარი სამშობლოდან – სამაჩაბლოდან (შეეხო ასევე აფხაზეთის პრობლემასაც) დევნილი ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტრაგედიიის შესახებ, რისი უშუალო მოწმეც თავად შეიქნა; მან გაბედულად შეახსენა, განსაკუთრებით იტალიელ მსმენელს, ქართველთა ისტორიული სიმართლე, რომელსაც ასერიგად ამახინჯებენ არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტები და მოუთხრო “წმ. გიორგის ფარის” საქმიანობაზე, გასული წლის შემოდგომაზე არაერთი ჰუმანიტარული ტვირთი რომ ჩაიტანა საქართველოში.
ვენეციის უნივერსიტეტის პროფესორიმა ლ. მაგაროტომ, რომელიც ოც წელზე მეტია იტალიაში ქართულ კულტურას მესვეურობს და თარგმნის თანამედროვე და კლასიკოს მწერლებს, და ამავდროულად არის ავტორი წიგნისა “რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია”, ამჯერად ამავე უნივერსიტეტის პროფესორ გ. შურღაიასთან ერთად მსმენელს წარუდგინა ვრცელი ისტორიულ-სამეცნიერო ნაშრომი “ რუსეთი, საქართველო და სადავო რეგიონები”. მიუკერძოებლობითა და აკადემიურობით გამორჩეული ამ ორი მეცნიერის მოხსენებები ( მაგაროტო შეეხო აფხაზეთის საკითხს, ხოლო შურღაია – სამაჩაბლოს) დამსწრე საზოგადოებამ უდიდესი ინტერესით მოისმინა.
საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უმძიმესი სურათით გამოწვეული განწყობილება ხალხური სიმღერებით გაახალისა გ. ლომთათიძისა და მ. სიხარულიძის ქალთა გუნდმა “სინტონია-თბილისი” და მთარგმნელმა ნ. გელაძემ მ. ჩიტიშვილის, მ. გონაშვილისა და ჯ. ჩარკვიანის ლექსებით, რასაც საქეიფო განწყობილებაც მოჰყვა და ქართული ღვინო-პურ-მარილიც.
შეხვედრა კვლავ საზოგადოების პრეზიდენტმა ნ. ყაუხჩიშვილმა განაახლა და ამჯერად სტუმრებს უამბო ქართული კულტურის მოამაგის აწგარდაცვლილი ადრიანო ალპაგო ნოველოს უანგარო ღვაწლის, საქართველოში მისი მოგზაურობისა და უნიკალური ფოტომასალების ალბომის შექმნის შესახებ და წარმოაჩინა მისი მართლაცდა გამორჩეული ხელოვნებით შესრულებული ფოტომასალა, რომლითაც მ. ტოფაძემ გააფორმა მოსაწვევი.
შეხვედრა “მრგვალი მაგიდით” გასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და იტალიელმა სტუმრებმა, და საკუთარი მოსაზრებანი გამოთქვეს საზოგადოების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
იტალიურ-ქართული საზოგადოება “სამშობლო – გულით სატარებელი” მრავალ სხვა კულტურულ ამოცანასთან ერთად მიზნად ისახავს გააღრმაოს ურთიერთობა იტალიელ ხალხთან, სწორედ ეს მისწრაფება ამოძრავებდა მის წევრებს, როდესაც ჩრდილოეთ იტალიაში, კერძოდ, ნოვარას პროვინციის დაბა ბელჯირატეში, _ სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს გმირულად დაიღუპა პარტიზანი ფორე მოსულიშვილი და აგერ უკვე ოცდაათი წელია ქალაქ სიღნაღთანაა დაძმობილებული, _ გაემართა საღამო “ თანადგომა გრძელდება” და ბელჯირატეს მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ამავე შენობაში მოეწყო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის არქიტექტორ სილვიო კალვის ფოტო-გამოფენა “ჩემი საქართველო”. საღამო გახსნა პრეზიდენტმა ნ. ყაუხჩიშვილმა და ვრცლად ისაუბრა ქართულ-იტალიური ურთიერთობის შესახებ, ხოლო უხუცესმა პარტიზანმა ბორგოსეზიელმა ვანდა კანამ, რომელსაც საქართველო თავის მეორე სამშობლოდ მიაჩნია, ამაღელვებელი მოგონება წაიკითხა მისი თანამებრძოლი ქართველი პარტიზანების შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ბუნებით დამპყრობელი არა არის და თუ სიმართლისა და თავისუფლების დაცვა დასჭირდა, მზადაა სიცოცხლე სხვის გადასარჩენადაც კი გასწიროს, როგორც ამის მოწმე ომის დროს თავად არაერთხელ გამხდარა. ქართული ხასიათის სრულყოფილად წარმოჩენისთვის ქართული სიმღერისა და პოეზიის ერთსაათიანი კონცერტი გამართეს მთარგმნელმა ნ გელაძემ და გ. ლომთათიძის ქალთა გუნდმა “სინტონია-თბილისმა”.
2009 წლის მაის-ივნისში გ.ლომთათიძის ქალთა გუნდმა „სინტონია–თბილისი“ რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტი გამართა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქებში, ხოლო 16 ივლისს სიღნაღთან დაძმობილებული დაბა ბელჯირატეს მუნიციპალეტეტისა და ბელჯირატელი დედების ერთობლივი ინიციატივით საზოგადოების წევრმა ნ.გელაძემ მონაწილეობა მიიღო წარმოდგენაში, რომლის შემოწირულობაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ ნიქოზელ ბავშვებს გადაეცემათ.
2009 წლის 24 ოქტომბერს ქ. მილანში ჟურნალ „ა ორიენტეს“ (აღმოსავლეთისკენ) რედაქციაში საზოგადოებამ „სამშობლო – გულით სატარებელი“ ქართული კულტურისადმი მიძღვნილი საღამო გამართა. საზოგადოების პრეზიდენტმა ნ.ყაუხჩიშვილმა ისაუბრა იტალიურ-ქართული კულტურული ურთიერთობის შესახებ და ქართული ისტორიული ძეგლების ამსახველი ვრცელი ვიდეომასალა წარმოადგინა. „ ქართული ენის სულიერი ფასეულობანი“ – ასეთი სათაურით გააცნო დამსწრე საზოგადოებას ბერნის უნივერსიტეტის დოცენტმა მანანა ტოფაძემ ქართულ სამეტყველო ენაში ჩაქსოვილი ქართველი ერისათვის დამახასიათებელი თავისუფლების, ტოლერანტობისა და თვითშეწირვის ამსახველი სიტყვა-გამოთქმები. მთარგმნელმა ნ. გელაძემ ქართულ და იტალიურ ენაზე წაიკითხა რამდენიმე ლექსი, ხოლო გ.ლომთათიძემ და მ. სიხარულიძემ სხვა ქართველ მონაწილეებთან ერთად ქართული სიმღერით აღაფრთოვანეს სტუმრები.
2009 წლის 5 დეკემბერს საზოგადოება ქ. არონას მუნიციპალიტეტისა და ქართული კულტურით დაინტერესებული იტალიელების წინაშე წარსდგა. საღამო ქალაქის მერმა ანტონიო კატაპანომ გახსნა დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ ჩრდილოეთ იტალიის ამ პატარა ქალაქში ქართველები უცხოდ არ უნდა გრძნობდნენ თავს, ვინაიდან სწორედ აქ თავისი სამუდამო განსასვენებელი ჰპოვა ორივე ერის გმირმა ფორე მოსულიშვილმა. საღამოს წამყვანმა ნ. გელაძემ ვრცლად ისაუბრა ქართველი და იტალიელი ხალხის ისტორიულ-კულტურულ ურთიერთობაზე და საზოგადოებას საპატიო სტუმარი პოეტი დ. მაღრაძე წარუდგინა, რომელმაც ქართულად წაიკითხა ლექსები, ხოლო იტალიურად მისივე წიგნის შALVE- მთარგმნელმა ნ. გელაძემ.
ყველასათვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა „მშვიდობის ციტადელის – რონდინეს“ საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლის მაურო დ’ანდრეას მოხსენება, რომელიც ეხებოდა ამ ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობას, სადაც მშვიდობიანად თანაცხოვრობენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის კონფლიკტური ზონებიდან მოწვეული სტუდენტები და ცდილობენ, ერთგვარი წვლილი შეიტანონ კონფლიქტის მოგვარების საქმეში.
საზოგადოების წევრი, მუსიკოსი მ. სიხარულიძე მდიდარი ვიდეომასალის გამოყენებით იტალიელებს ესაუბრა, თუ რაოდენ საინტერესო და სასიამოვნოა საქართველოს სტუმრობა.
საღამო დააგვირგვინა გ. ლომთათიძის ქალთა გუნდმა „სინტონია – თბილისი“.
ქართული კულტურით აღფრთოვანებული იტალიელმა სტუმრებმა ქართული გულუხვი სუფრაც სათანადოდ შეაფასეს.

Facebook Comments